პორტფოლიოს ჩანართები

пятница, 21 декабря 2018 г.




        

     სიტყვები და იდეები ცვლიან სამყაროს!  

 შეცვალე შენც ყველაფერი უკეთესობისკენ!                    

пятница, 4 июля 2014 г.

მასწავლებელი


გამონათქვამები მასწავლებელზე:



ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში" -კ. გამსახურდია


"არასოდეს დაუკარგო ის, ვინც მუდმივად პროგრესირებს, რაც არ უნდა ნელა." - პლატონი

„ოდესღაც მასწავლებელი იყო ცოდნის საწყობი. ასე აღარ იქნება. რას გააკეთებს მასწავლებელი? შემმატებლის როლს ძალიან კარგი მასწავლებელი შეასრულებს. ასევე, მასწავლებელი ყველგან იქნება და დაეხმარება მოსწავლეებს. “- შივ ნადარი


განათლება არის წარმატების გასაღები ცხოვრებაში და მასწავლებლები დიდ გავლენას ახდენენ მათი სტუდენტების ცხოვრებაზე." - სოლომონ ორტისი

„მასწავლებლის უმაღლესი ხელოვნებაა სიხარულის აღძვრა შემოქმედებით გამოხატვასა და ცოდნაში“. - Ალბერტ აინშტაინი

„მე ვისწავლე, რომ მიუხედავად იმისა, რომ კარგი მასწავლებელი ვარ, ბევრად უკეთესი მოსწავლე ვარ და მე მაქვს კურთხევა, რომ ყოველდღიურად ვისწავლო ღირებული გაკვეთილები ჩემი სტუდენტებისგან. თქვენ მასწავლეთ სტუდენტის სწავლების მნიშვნელობა და არა ტესტი. – ერინ გრუელი


„კარგმა მასწავლებელმა, ისევე როგორც კარგმა მოქეიფემა, ჯერ თავისი აუდიტორიის ყურადღება უნდა მიიპყროს და შემდეგ გაკვეთილის სწავლება შეძლოს“. - ჯონ ჰენრიკ კლარკი


– ეუბნება უღიმღამო მასწავლებელი. კარგი მასწავლებელი განმარტავს. უმაღლესი მასწავლებელი აჩვენებს. დიდი მასწავლებელი შთააგონებს. – უილიამ არტურ უორდი

„სწავლების მთელი ხელოვნება მხოლოდ ახალგაზრდა გონების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის აღძვრის ხელოვნებაა, რათა შემდგომში ისინი დააკმაყოფილონ“. - ანატოლ ფრანსი


მე ვეხები მომავალს. მე ვასწავლი. ”- კრისტა მაკალიფი


"კარგი მასწავლებელი სანთელს ჰგავს - ის იყენებს საკუთარ თავს სხვებისთვის გზის გასანათებლად." - მუსტაფა ქემალ ათათურქი


„განათლება არ არის მზადება სიცოცხლისთვის; განათლება თავად ცხოვრებაა. ”- ჯონ დიუი


"თუ ჩვენ ვასწავლით დღევანდელ სტუდენტებს ისე, როგორც გუშინდელს, ჩვენ მათ ვძარცავთ ხვალინდელ დღეს." - ჯონ დიუი

"სტუდენტებს არ აინტერესებთ რამდენი იცი, სანამ არ გაიგებენ რამდენად ზრუნავ." - უცნობი

„კარგ მასწავლებელს შეუძლია გააჩინოს იმედი, აღძრას ფანტაზია და გააჩინოს სწავლის სიყვარული“. - ბრედ ჰენრი


"არავინ უნდა ასწავლოს, ვინც არ არის შეყვარებული სწავლებაზე." - მარგარეტ ელიზაბეტ სანგსტერი


"მოდით, გავიხსენოთ: წიგნს, კალამს, ბავშვს და მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს სამყარო." - მალალა იუსაფზაი












პრობლემები სკოლაში და მათი გამომწვევი მიზეზების ძიება


   წლების განმავლობაში, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე,  შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემებს ურთიერთობებში როგორც მოსწავლეებს, ისე მოსწავლესა და მასწავლებელს, ანდა თვით მასწავლებლებს შორის ქმნის ნიშანზე დამოკიდებულება.  პრობლემები ნიშნის გამო თითქმის ყველა მასწავლებელს აქვს. ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ მშობლებს და მოსწავლეებს  ამოძრავებთ უსაფუძვლო ამბიცია და გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ  შესაძლებლობებზე,  ითხოვენ უფრო მაღალ ქულებს, იმაზე მეტს, ვინემ ეკუთვნით.

      ეს საკითხი მასწავლებლებისთვის მეტად მტკივნეულია  და პრობლემური. აქვე უნდა ვაღიარო, რომ ამის მიზეზი  ჩვენში არაა. როდესაც  შეფასების  სისტემა სუბიექტურობისა და კონფლიქტური სიტუაციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა, მეტყველებს იმაზე, რომ  იგი არაა ობიექტური და სანდო.

   ბოლო წლებში არსებული ტენდენციით ამ კონფლიქტში დამნაშავე მასწავლებელია, მშობელი და მოსწავლე კი -  ყოველთვის მართალი. მასწავლებელს უწევს თავის მართლება დირექციის წინაშე  და, მიუხედავად იმისა, ამას ვინ როგორ ახერხებს, საბოლოოდ მაინც მასწავლებელი რჩება წაგებული, რადგან დირექციის მხრიდან გამოხატული დამოკიდებულება, საზოგადოების  მერკანტილური ხასიათიდან გამომდინარე, ნებსით თუ ინებლიეთ, გავლენას ახდენს მთელ პედაგოგიურ კოლექტივზე.   

     მასწავლებელს არ უნდა სჭირდებოდეს თავის მართლება, საკუთარი ნიშნის დაცვა. შეფასება იმდენად გამჭვირვალე უნდა იყოს და ნათელი, რომ აღარ იძლეოდეს ინტერპრეტირების საშუალებას. თავს იმართლებს ის, ვინც დამნაშავეა, მ.შ. როდესაც მასწავლებელს ნიშნის დაცვა სჭირდება, მისი ღირსება უკვე საფუძველშივე შელახულია.  

      დღევანდელი შეფასების სისტემის არაობიექტურობას ხელს უწყობს სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც. სკოლის ბიუჯეტი  მოსწავლის ვაუჩერზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი მოსწავლე ჰყავს სკოლას, მიტ უფრო მეტია მისი ფინანსური შესაძლებლობები. ამიტომ ადმინისტრაცია ყველანაირად ერიდება მოსწავლის სკოლიდან გადასვლას. ნიშნით გაბრაზებული მშობლები კი სწორედ ამით იმუქრებიან. მასწავლებელიც იძულებულია, საკუთარი სკოლა და საკუთარი თავიც ფინანსურად რომ არ დააზარალოს და სამსახური საეჭვოდ არ გაიხადოს, დათმობაზე წავიდეს. აქედან გამომდინარე, იოლი მისახვედრია, რომ პრობლემებს  ვაუჩერული დაფინანსებაც ამწვავებს და აიძულებს დირექტორებს იზრუნონ მოსწავლეთა რაოდენობაზე, რაც პირდაპირპროპორციულად იწვევს სწავლის ხარისხის დაცემას. 

      სიტუაცია რომ ჯანსაღი არაა და მასწავლებელი კომპრომისზე მიდის, ეს ფაქტია. შესაბამისად, პედაგოგები ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ, მაღალ კლასებში შესვლას, იმიტომ კი არა, რომ სწავლება არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ აღარ შეუძლიათ მშობელთან  და მოსწავლეებთან ,,ომი“ ქულების გამო. ამ ომში მასწავლებელი ყველა შემთხვევაში დამარცხებულია, მაშინაც კი, თუ მან შეძლო თავისი დაწერილი ქულის დამტკიცება და შენარჩუნება.

    ვფიქრობ, რომ პრობლემები სკოლებში მრავლადაა  და  ბევრი რამ  საფუძველშივე შესაცვლელია. ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მათი მოგვარება ჩვენზე ზოგჯერ ნაკლებადაა  დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერზე დადუმებით და მხოლოდ კულუარული საუბრებით შორს ვერ წავალთ.

     შეფასებაზეა მიბმული მეორე დიდი პრობლემა, რასაც კოლეგის შვილების სწავლება ჰქვია. მასწავლებელი რთული დილემის წინაშე დგას.  თუ კოლეგის შვილს მოუმატებს ქულას, სხვებსაც უნდა მოუმატოს(თუ ოდნავ მაინც სამართლიანობის შეგრძნება აქვს). ასეთები კი კლასში ხშირად  ბევრია. ამდენი დაწერილი მაღალი ქულის გამართლება კი ბოლო დროს შემოღებულ  ე.წ. ,,კატის“ გამოცდებზე ფრიად საეჭვო ხდება. ამიტომაც მასწავლებელი ორცეცხლშუაა: დაწერს და ეშინია: ვაი, რომ რომელიმე მათგანმა ვერ გაამართლოს და ადმინისტრაციამ ამაზე საყვედური გამოუცხადოს,  არ დაწერს და ,,თეთრი ყვავების’’ ბედის გაზიარება ნამდვილად არ ასცდება. ობიექტიურობასა და პრინციპულობაზე საერთოდ არაა საუბარი, ეს თვისებები  სათაკილოდაც კი ქცეულა, როცა საქმე კოლეგის შვილებს ეხება. ამ შემთხვევაში ობიექტურობის დაცვა კოლექტივის წინაშე ავტორიტეტის დაცემის ტოლფასია. რადგან ჩვენს საზოგადოებაში მოქმედებს პრინციპი: ,,მეტი რა შეგვიძლია ერთმანეთისთვის?!“. ეს  კითხვა წლების განმავლობაში დომინირებს ჩვენს სკოლებში და და არავინ უკვირდება იმას, რომ, როცა ჩვენ თვითონ ვაჩვევთ ბავშვებს დაუმსახურებელი ქულებისა და ოქროს მედლების მიღებას,  ვუღვივებთ მათ არაჯანსაღ ამბიციას, ხელს ვუწყობთ მერკანტილური საზოგადოების ჩამოყალიბებას, საზოგადოებისას, რომელშიც კორუფცია და ნეპოტიზმი წამყვან ღირებულებებად ქცეულა და რომლის დროს წარმატებას ვერასდროს მიაღწევს პატიოსანი, მაგრამ, ასე თქვათ,  ,,უპატრონო“ ადამიანი. მერე უკვე, როცა საქმე მაღალ ინსტანციებში მოგვეცემა,  ჩვენ თვითონ ვეწირებით ამდაგვარი გზით ხელისუფლებაში მოსული ჩინოვნიკი ობივატელების დამკვიდრებულ წესებს  და ის კი აღარ გვახსენდება, რომ საკუთარ დათესილს ვიმკით.
       
        ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ცუდად ზრდილიო,- გვასწავლიდა ჩვენი წინაპარი, აკაკიმ კიდევ უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანა გამზრდელს:  სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარო -თქვა და ამით საკუთარ თავში დანაშაულის მოძებნის ზნეობრივი მაგალითი დაგვიტოვა.  არადა, მართლა ძნელია, ერთი მხრივ, ასწავლიდე ,,ვეფხისტყაოსანის“ სიტყვებს:,,რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა“;  ,,დავითიანს“- ,,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“;  ,,ოთარაანთ ქვრივს’’ - ,,მაგისთანა ნამუსახდილ კაცისგან ქვეყანაა დაღუპული“; რომელი ერთი გინდა გაიხსენო, და, მეორე მხრივ, შენ თვითონ იყო არაობიექტური, თუნდაც  ქულის დაწერის დროს, შენ თვითონ სჩადიოდე უსამართლობას, შენ თვითონ მიჩქმალო  ,,უპატრონო’’ და წარმოაჩინო ,,პატრონიანი’’, ერთს ქადაგებდე გაკვეთილზე, და  მეორეს აკეთებდე ცხოვრებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ქმედებით ხელს ვუწყობთ  ქვეყანაზე ბოროტების დამკვიდრებას, რადგან ბოროტებას თავისი საფეხურები გააჩნია, იგი მარტო კაცის კვლა არაა. თუმცა, განა სულიერად კაცის კვლას არ გაუტოლდება იმ ,,უპატრონო’’ ახალგაზრდისთვის ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებებთან შეჯახება?! ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა’’- ეს არც ლამაზი სიტყვებია და არც დრომოჭმული უსარგებლო სიბრძნე. ქვეყანა შეიცვალა, სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, მალე იქნებ ცოცხალი მასწავლებელი ,,მკვდარმა ‘’კომპიუტერმა შესცვალოს, მაგრამ ღირებულებები არასდროს შეიცვლება, ისინი მარადიულად რჩებიან დროსა და სივრცეში და მოგვიწოდებენ ჭეშმარიტი გზისკენ, გზისკენ, რომელიც ერთადერთია კაცობრიობის ისტორიაში და რომელიც სამართლიანობაზე  გადის. არადა, ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი აღმსარებელია. ფარისევლობაა დადიოდე ეკლესიაში, იყო მაზიარებელი და ამკვიდრებდე სიცრუეს, გინდოდეს დაუმსახურებლად მოკრიფო ნაყოფი, რომელიც შენ არ გეკუთვნის. .მარადიული სენტენციები, რომლებიც უზენაესის არსებობის გამოვლინებაა, ყოველთვის ჩვენთანაა, უბრალოდ, ზოგჯერ ჩვენ ისე გვესმის ისინი, როგორც ხმა ,,უდაბნოსა შინა“, რადგან ჩვენი გული დახურულია მათთვის.

       ვიცი, ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენება ეს ყველაფერი და თავისთვის მაინც გაიფიქრებს: დიდი ამბავი კოლეგის შვილს ნიშანი თუ მოვუმატე, ეს რა ბოროტებააო! ასეთებს პატრიარქის სიტყვებს შევახსენებ: ემსახურე შენს წილ საქართველოს, ემსახურე სამართლიანად და ყველაფერი კარგად იქნება... რამეთუ ქვეყნის თავისუფლება და სამართლიანობის დამკვიდრება, რასაც ჩვენ დემოკრატიულობას ვეძახით, თითოეული ინდივიდის სამართლიანობაზე, ზნეობრიობაზე და კეთილსინდისიერებაზე  გადის, სინდისი მათემატიკური სიდიდეებით არ იზომება, იგი ან აქვს ადამიანს, ან არა. პროფესიონალიზმი  კი კეთილსინდისიერებაა,  იგი ღირსებაა, რომელსაც  სამშობლოსა და უზენაესის შემეცნებამდე მივყავართ.